ნიკოლოზ (ლაშა) ჯანაშია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი (1954) და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1957). 1957-1970 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში. 1970-1982 წლებში იყო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. კითხულობდა ლექციებს თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. არჩეული იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების სწავლულ მდივნად, ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის წევრად და მთავარი სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილედ, ჟურნალ „ცისკრის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრად. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კალისტრატე და ნინო სალიების ბიბლიოთეკის ჩამოტანა და ხელნაწერთა ინსტიტუტში კ. სალიას სახელობის კაბინეტის დაარსება.

ნ. ჯანაშიას სამეცნიერო მემკვიდრეობა (50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 3 მონოგრაფია) ეძღვნება საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის, საქართველოს ისტორიის სომხური წყაროების შესწავლის, ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ისტორიის მნიშვნელოვან პრობლემებს. აღსანიშნავია „შუშანიკის წამებისადმი“ მიძღვნილი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ხასიათის მონოგრაფია (1980). ამავე საკითხებზე ჰქონდა მომზადებული სადოქტორო დისერტაცია, რომლის დაცვა არ დასცალდა. იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის მე-2 ტომის თანაავტორი.


ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ნიკოლოს (ლაშა) ჯანაშიას ზოგიერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსიები. გაციფრულებისთვის დიდი მადლობა ლევან კიკნაველიძეს.